ზურაბ აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა

ზურაბ აბაშიძე
ტაბულა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, მტკიცებით, გრეგორი კარასინთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე 2019 წლის ზაფხულის მოვლენებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ზურაბ აბაშიძე ამას რუსული მხარის ინტერპრეტაციას უწოდებს. 

სპეციალურ წარმომადგენელს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ონლაინ-შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებების დეტალებზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. 

"2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია". – ამბობს ზურაბ აბაშიძე. 

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის მორიგი შეხვედრა, ახალი კორონავირუსის გამო ონლაინ გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "დადასტურდა ორმხრივი შემართება 2019 წლის ზაფხულის ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების გადალახვისათვის".

თუმცა, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა და "ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია".

კომენტარები