დავითგარეჯის საქმე

ელისაშვილი დავითგარეჯაზე: არის რაღაცები, რაც წინასაარჩევნოდ არ უნდა გააკეთო, ეს ერთ-ერთია

ანუ რა გამოდის: ორ ექსპერტს წლების მანძილზე დამალული ჰქონდა რაღაც რუკა და მთელი სახელმწიფო, თავისი მრავალათასიანი უშიშროებით ტყემალზე იჯდა. ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა და მთელი რვა წელიც ვერ გაიგეს ამ გადამალული რუკების ამბავი. არჩევნებამდე 3 კვირით ადრე გაიღვიძეს და სახელმწიფო ღალატს მიხვდნენ. ალილუია! თან იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი ფართომასშტაბიან ომში არიან ჩაბმულები, ამ დროს გაახსენდათ აზერბაიჯანთან დაუდგენელი საზღვარი. არის რაღაცეები, რაც წინასაარჩევნოდ არ უნდა გააკეთო და ეს ზუსტად ერთ-ერთი ასეთი საკითხია. უკადრებელს კადრულობთ, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებთ და ხართ უმსგავსოები.

პარტია მოქალაქეების საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და საბჭოს წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც "ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით". პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

კომენტარები