დავითგარეჯის საქმე

გახარია დავითგარეჯაზე: არ წყდება საკითხის პოლიტიზების მცდელობა, აბსოლუტურად მიუღებელია

"არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი". - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე. 

გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს, მხოლოდ ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები.  

საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სახის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ვერც გამოძების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეებს ეხება და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.  

მინდა, მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე." - ამბობს გახარია. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა. 

კომენტარები