თითქმის 3-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალებმა ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ხვიჩა მღებრიშვილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, თუმცა, ოჯახთან შეხვედრამდე 8-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიაროს.
ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ხაზის კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში 3 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით მას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის რეგიონში ლუგარის ლაბორატორიის დავალებით ღამურების შესაგროვებლად იყო წასული, რათა ბიოლოგიური მასალა მოეპოვებინა.