ოკუპირებული ცხინვალი

ბიბილოვი ჯაბიევის გარდაცვალებაზე: არაპროფესიონალიზმმა და უხეშმა თვითნებობამ გამოიწვია

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ინალ ჯაბიევის გარდაცვალება სამართალდამცავების "არაპროფესიონალიზმმა და უხეშმა თვითნებობამ" გამოიწვია. ბიბილოვის კომენტარს რესი ავრცელებს

"ვუსამძიმრებ ინალის ოჯახს. გამოუსწორებელი რამ მოხდა. სამართალდამცავი ორგანოების თანაშრომელთა არაპროფესიონალიზმმა და უხეშმა თვითნებობამ ტრაგედია გამოიწვია." - წერია ბიბილოვის განცხადებაში. 

ანატოლი ბიბილოვის განცხადების მიხედვითვე, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. 

"დარწმუნებული ვარ, რომ მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. გარწმუნებთ, რომ ერთი დამნაშავეც ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას. 

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები გამოირიცხოს." - ამბობს ბიბილოვი. 

მისივე თქმით, დაუშვებელია, ტრაგედია ვინმეს "არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად" იყოს გამოყენებული და "რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაციის შესუსტების" მიზეზი გახდეს. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საპროტესტო აქციები იმართება. აქციების მიზეზი ინალ ჯაბიევის გარდაცვალება გახდა. ჯაბიევი, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემით მოკლეს. ოჯახი ამბობს, რომ ინალ ჯაბიევს აწამებდნენ.  

ინალ ჯაბიევი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. 

გუშინ, 28 აგვისტოს, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა, ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრი ნანიევი. ე.წ. პრემიემრინისტრი, ერიკ პუხაევი კი გადადგა.

კომენტარები