ახალი კორონავირუსი საქართველოში

21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მესტიის ყველა სოფელი გაიხსნება

21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მესტიის ყველა სოფელი გაიხსნება, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი.

განცხადება უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, "აღნიშნულ 2 სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ეცნობება მოსახლეობას".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 4 დღის განმავლობაში მესტიაში ტესტირებისას კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო იყო.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კომენტარები