ახალი კორონავირუსი რუსეთში

რუსეთი გეგმავს, პირველმა დაამტკიცოს COVID-19-ის ვაქცინა, რომლის ტესტირება არ დასრულებულა

CNN

რუსეთი გეგმავს, მსოფლიოში პირველმა დაამტკიცოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. 

ვაქცინა გამალეიას ინსტიტუტის მიერაა შექმნილი. ვაქცინის მასობრივი გამოყენების დაწყება 10 აგვისტოდან იგეგმება. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ რაც ვაქცინა გამოყენებისთვის იქნება მზად, მას პირველები სამედიცინო მუშაკები მიიღებენ.

ამ დრომდე რუსეთს არ გამოუქვეყნებია ვაქცინის ტესტირებასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამეცნიერო ინფორმაცია და, ჯერჯერობით, შეუძლებელია ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების შემოწმება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა ამჟამად ტესტირების მესამე ფაზაშია, თუმცა რუსულ ვაქცინას ჯერ ტესტირების მეორე ფაზაც არ დაუმთავრებია. რუსი მეცნიერები გეგმავენ ტესტირების მეორე ფაზა 3 აგვისტომდე დაამთავრონ და შემდეგ მესამე ფაზა სამედიცინო მუშაკების აცრის პარალელურად დაიწყონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადამიანებზე ვაქცინის ტესტირებაში მოხალისეები რუსი სამხედროები იყვნენ. მოხალისე სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი საავადმყოფოდან 15 ივლისს, ხოლო მეორე ჯგუფი 20 ივლისს გაწერეს.

რუსი მეცნიერების ინფორმაციით, ასეთი სისწრაფე ვაქცინის შემუშავებაში განპირობებულია სხვა ვირუსის უკვე არსებული ვაქცინის მოდიფიკაციით. მსგავს მიდგომა სხვა ქვეყნებსაც აქვთ.

მაგალითისთვის, ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Moderna-მა კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენა ვაქცინა, რომელსაც ვირუს MERS-ისთვის ქმნიდა. Moderna-ის კორონავირუსის ვაქცინა ტესტირების მესამე ფაზაზე ორშაბათს გადავიდა.

გამალეიას ინსტიტუტის ინფორმაციით, ვაქცინასთან დაკავშირებული სამეცნიერო ანგარიშები ახლა მზადდება და განხილვისა და შეფასებისთვის აგვისტოს დასაწყიში იქნება ხელმისაწვდომი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუსლან ცალიკოვმა გასულ კვირას განაცხადა იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ვაქცინა მზად იყო. მისი ინფორმაციით კვლევაში ჩართულ ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა იმუნიტეტი და ისინი თავს კარგად გრძნობდნენ.

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა, ბრიტანულმა და კანადურმა უსაფრთხოების სამსახურებმა რუსი ჯაშუშები და რუსული სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის ვაქცინის კვლევით ცენტრებზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. კრემლი ბრალდებას უარყოფს.

20 ივლისს, გამოცემა Bloomberg-ი წერდა, რომ რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა აპრილიდან ჰქონდათ. გამოცემის პასუხად, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექსპერიმენტულ ვაქცინაზე წვდომა მხოლოდ მოხალისეებს ჰქონდათ.

კომენტარები