გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუა: ვინც ოლიგარქიის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები

დღეს, 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარადგინა. სასამართლო პროცესზე რურუამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

"ისინი, ვინც ოლიგარქიის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩემზე დევნის მიზეზია მთავარი არხის აქციების შეძენა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული კრიტიკა. დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების გაცურებაა. ჩემი სასამართლო ცინიკური ფარსია. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ და წაყენებული ბრალი აბსურდულია. ოქტომბერში იქნება საქართველო-რუსეთის გადამწყვეტი ბრძოლა. ოლიგარქი დამარცხებულია და ეს ჩანს მის ყველა ქმედებაში". – თქვა მან.

რურუას საქმეზე სასამართლო განაჩენს ხვალ, 30 ივლისს, 11 საათზე გამოაცხადებს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვთ.

"დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება სამართალზე და კანონზე დაფუძნებული, ვინაიდან გიორგი რურუას, როგორც თავდაპირველი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, ველოდებით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური და არა სამართლებრივი. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოში ველოდებით დამოუკიდებელი მოსამართლეების მიერ საქმის განხილვას, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ გამოვიყენოთ ყველა საშუალება, მიუხედავად იმისა, თუ რა მოლოდინები გვაქვს სასამართლოებთან მიმართებით". – თქვა მან.

_______

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. მიუხედავად ამისა, 29 ივნისს, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრის დღეს სასამართლომ მისი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და პროკურატურის საწინააღმდეგო პოზიცია გაითვალისწინა.

ამის გამო ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს - ისინი მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვდნენ.

დასავლელმა პარტნიორებმა, არაერთხელ, მიმართეს პროკურატურას მოწოდებით, მოეთხოვა პატიმრობის გირაოთი შეცვლა, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები