გიორგი რურუას საქმე

რურუას ცემის საქმეზე პენიტენციურის 2 თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

მთავარი არხის თანადამფინანსებლის, გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8​ პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელს, ლ.გ.-ს და შ.მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე არ დააკმაყოფილა. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N8​ პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა. 

პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შ.მ.-მ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლ.გ.-მ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრების მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ.რ.-ს ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

ლ.გ.-ს და შ.მ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია). 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა. რურუა ბრალს არ აღიარებს. მისი განთავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია. გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა – ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის განთავისუფლებასაც ითხოვენ.

კომენტარები