რუსეთი

რუსეთი მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ჰომოფობიური ვიდეოთი მოუწოდებს

მიხეილ ჯაფარიძე/AP / RFE/RL

ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებულმა რუსულმა მედია ჯგუფმა ჰომოფობიური ვიდეორგოლი გაავრცელა და მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ვიდეოს მიხედვით, უდედმამოთა ინსტიტუციიდან ბავშვს იშვილებენ, მერე კი ირკვევა, რომ მისი ახალი ოჯახი გეი წყვილია, ხოლო ერთ-ერთი მათგანი მაკიაჟსაც ატარებს.

"როგორ რუსეთს ირჩევ შენ?", - ისმის ვიდეოში, - "აირჩიე ქვეყნის მომავალი".

რუსეთში რეფერენდუმი 1-ლ ივლისს არის ჩანიშნული. საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს, ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

კერძოდ, პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე გულისხმობს ქორწინების შესახებ ჩანაწერის შეცვლას და მის ქალის და კაცს ერთობად განსაზღვრავს, რაც ქვეყანაში ლგბტქი ქორწინების შესაძლებლობას გამორიცხავს.

სოციალურ ქსელებში ვიდეოს მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

"ობლობაზე საშინელი არაფერია. გეი ან ლესბოსელი წყვილი, რომელსაც შეუძლია, ბავშვზე იზრუნოს, მას სითბო და სიყვარული მისცეს, ობოლი ბავშვისთვის ნამდვილი სამოთხეა", - დაწერა მოსკოველმა ბლოგერმა, ქსენია დუკალისმა ინსტაგრამზე. მისი ეს პოსტი 100 000-მა ადამიანმა მოიწონა.

ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ კი თქვა, რომ ხელისუფლება "საბოლოოდ გაგიჟდა".

კომენტარები