ახალი კორონავირუსი საქართველოში

თურნავა სილამაზის სალონებზე: იქნება ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სიმალაზის სალონებში ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია იქნება დაცული. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ მკაცრი სტანდარტების დაცვით უკვე 18 რიცხვიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მეც და ჩემს კოლეგებს ბევრ ბიზნესთან, მათ შორის სილამაზის სალონებთან და იქ დასაქმებულ ადამიანებთან. ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რა შეზღუდვაც იქნება დაწესებული.

ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები. ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს", - ამბბს ნათია თურნავა.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ცნობით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება. ასევე ორშაბათიდან მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მაგრამ, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.

ძალაში რჩება ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ეკრძალებათ გადაადგილება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

14 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პრევენციის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში უკვე ერთ თვეზე მეტია მოქმედებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოხსნა 22 მაისსაა დაგეგმილი. მანამდე, შეზღუდვების ნაწილი ეტაპობრივად იხსნება. ამ დროისთვის აღდგენილია ავტომობილების გადაადგილება და გახნილია ის ქალაქები - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თბილისი.

თუ როგორ მოიხსნება შეზღუდვები მთავრობის გეგმის მიხედვით, სრულად იხილეთ აქ.

კომენტარები