ახალი კორონავირუსი რუსეთში

Covid 19 - თუ წესებს არ დაიცავენ, რუსეთში მოღვაწე სასულიერო პირებს საეკლესიო სასამართლო განსჯის

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებს აფრთხილებს - იმ შემთხვევაში, თუ მითითებებსა და ინსტრუქციებს არ დაემორჩილებიან და მათი მიზეზით სხვა ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდება, საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. სხვა შემთხვევაში, მათ, შესაძლოა, საეკლესიო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

პატრიარქის ბრძანება რუსეთის საპატრიარქოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

სასულიერო პირებზეც ის მითითებები ვრცელდება, რაც რუსეთის სხვა მოქალაქეებზე. მისი შესრულება სავალდებულოა როგორც მღვდელმსახურებისთვის, ასევე მონასტრებში მოღვაწე ბერებითვის.

ბრძანება მიზნად ახალი კორონავირუსის გავრცელების ხელის შეშლას ისახავს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავდაპირველად არ გეგმავდა, მრევლისთვის ტაძრებში ყოფნა აეკრძალა ან ერთი კოვზით ზიარების წესი შეეცვალა, თუმცა, მოგვიანებით ტაძრებში მრევლის ყოფნა შეზღუდა.

28 აპრილის მდგომარეობით, რუსეთში ახალი კორონავირუსი 93 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ბოლო 24 საათში 6 411-ს. დაიღუპა 867 მათგანი, გამოჯანმრთელდა 8 456 პაციენტი.

კომენტარები