კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი ჯაღმაიძე: დავრჩებით სინოდის ოქმის ფარგლებში, იქ არის ლავირების საშუალება

მთავარი არხი

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტვ პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ გამორიცხავს, საპატრიარქომ კორექტივები შეიტანოს 15 აპრილის გადაწყვეტილებაში, თუმცა, მისივე თქმით, ეს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩარჩოში დარჩება, რომელიც "ლავირების საშუალებას იძლევა".

ჯაღმაიძე ამბობს, რომ "სრულად იზიარებს" მაგალითად პაატა იმნაძის ფრაზას საფრთხის შესახებ, რომ "საქართველოში კუბოებს ვეღარ დავითვლით":

"მაგის გარდა, მე ნაცნობი ექიმები მწერენ და გაცილებით დეტალებში აღმიწერენ ვითარების სიმძიმეს. ყოველ დღე იცვლება ვითარება და შესაძლებელია, რომ გუშინ მიღებული ზომები დღეისათვის ადკვატური არ იყოს, ამას ვხედავთ ჩვენ თვითონ. ექიმების პათოსიც დროთა განმავლობაში შეიცვალა და უფრო და უფრო კატეგორიულად მოითხოვენ მოსახლეობისგან, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან,” - ამბობს ის.

დეკანოზის თქმით, ეკლესია "ძალიან ბევრ ადამიანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ეკლესიაში მისვლისგან" და ვარაუდობს, რომ "მრევლის უდიდესი ნაწილი გაითვალისწინებს გაფრთხილებებს":

"ძალიან ბევრ ადამიანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ეკლესიაში მოსვლისაგან. მე ჩემს მრევლს, ძალიან ბევრ ადამიანს ვურჩიე, რომ დარჩენილიყვნენ სახლში, ესაა ხალხი, რომელიც ძალიან იშვიათად მოდის ეკლესიაში, წელიწადში ერთხელ და უხარიათ სადღესასწაულო ხალხმრავლობაში მონაწილეობა. ზოგი მათგანი წირვის დასრულებამდე არც კი რჩებოდა, ამიტომ მათ ერთმნიშვნელოვნად ვუთხარი, რომ ამ ღამეს უნდა შეიკავონ თავი მოსვლისაგან. გავაფრთხილეთ ის ხალხი, ვისაც რაიმე სინდრომი აქვს ან თავად არის რისკის ჯგუფში, ან სახლში ყავს ასაკოვანი ან ავადმყოფი ადამიანი, თავი შეიკავონ ხალხმრავლობისგან", - ამბობს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, საპატრიარქომ ახალი პოზიცია გამოხატოს, დეკანოზი ჯაღმაიძე პასუხობს, რომ ამას არ გამორიცხავს, თუმცა ეს სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში დარჩება:

"როგორც დავაკვირდით ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ხდებოდა დაზუსტება და ახალი რეკომენდაციების დამატება. ჩვენ ვრჩებით სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში. ამიტომ, როდესაც ვაკეთებთ რაღაც დაზუსტებას, თუდაც რეკომენდაციის სახით, ეს ყოველთვის რჩება ოქმის ფარგლებში. იქ არის ლავირების საშუალება, არის საშუალება, რომ დამატებითი რეკომენდაციები გაიცეს, კიდევ უფრო გამკაცრდეს,” - ამბობს ის.

ჯაღმაიძემ ასევე დააზუსტა, რომ აღდგომის ლიტურგიის მრევლის თანდასწრებით ჩატარების თაობაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილება მცხეთა-თბილისს ეხებოდა და "სხვა ეპარქიებში მღვდელმთავრებს თავად თავიანთი შეხედულებისამებრ შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ როგორ ჩატარდეს ღვთისმსახურება აღდგომის ღამეს."

ქვეყანაში კორონავირუსის გამო განცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ განაცხადეს, რომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ.

კომენდანტის საათის გამო, მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

ექიმები ხალხმრავლობის შესაძლო სავალალო შედეგებზე მიუთითებენ. საქართველოში იტალიის სცენარის განვითარების საშიშროებაზე დაიწყო საუბარი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამაც.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

 

კომენტარები