გლობალური ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო 30 წლის მინიმუმზეა

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ინდუსტრიული პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდულად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ჩინეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მონაცემების მიხედვით, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოება იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,5%-ით არის შემცირებული. დეკემბერში, როდესაც ახალი კორონავირუსი ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული გამოშვების ზრდამ 6.9% შეადგინა.

ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირების ტემპი საგრძნობლად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ეკონომისტები პრგოგნოზირებდნენ. ყველაზე დიდი დანაკარგი ვაჭრობის სფერომ განიცადა, სადაც მოცულობა 20%-ით შემცირდა, 24,5%-ით შემცირდა ინვესტიციების რაოდენობა საწყის კაპიტალში. 

იანვარ-თებერვალში ჩინეთის ექსპორტი 17%-ით შემცირდა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის პიკის დაძლევის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა, თუმცა ეკონომიკის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას კიდევ რამდენიმე თვე დაჭირდება. 

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს გლობალურ ბაზრებზე კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო შექმნილი მდგომარეობაც. ბოლო პერიოდში გლობალური ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად მცირდება, ეცემა უმსხვილესი საფონდო ინდექსები და მცირდება მოთხოვნა. 

მსგავსი ეკონომიკური სურათის ფონზე ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებაა მოსალოდნელი.  

 

კომენტარები