რუსეთი

რუსეთში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საეკლესიო მსვლელობა კორონავირუსის გამო გაუქმდა

რუსეთში, ქალაქ ლიპეცკში 15 მარტს დაგეგმილი მსვლელობა ავტომობილებით, ლოცვის და ხატების თანხლებით, კორონავირუსის წინააღმდეგ, კორონავირუსის საფრთხის გამო გაუქმდა. ამის შესახებ "Вести.Липецк" წერს.

ლიპეცკის წმინდა მოწამეთა საზოგადოების ხელმძღვანელმა, მსვლელობის ორგანიზატორმა იური ბერნიკოვმა რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში დაწერა, რომ მორწმუნეები ითხოვენ საგალობლების აღვლენას ეკლესიებში და ლოცვების წაკითხვას კორონავირუსისაგან თავის დასაცავად.

ლიპეცკის ოლქში, რომელიც მოსკოვიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული, ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე შემთხვევაში ინფიცირებული იტალიიდან დაბრუნდა.

ოლქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია, რის გამოც საჯარო ღონისძიებები გაუქმდა, მათ შორის კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობაც.

ამ დროისთვის რუსეთში ახალი კორონავირუსის სულ 28 შემთხვევაა დაფიქსირებული. 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვიდან მოხდება 100 ჩინელი სტუდენტის დეპორტაცია, რომლებმაც თვითიზოლაციის ნორმები დაარღვიეს. შეზღუდულია ფრენები იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ესპანეთთან. აკრძალულია 5,000-ზე მეტ კაციანი შეხვედრების გამართვა.

დღეს, 12 მარტს რუსმა დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ კოლეგის, სერგეი კატასონოვისათვის მანდატის ჩამორთმევა მოითხოვა. ჟირინოვსკის სასჯელის ეს ფორმა იმიტომ სურს, რომ, მისი თქმით კატასონოვმა საფრანგეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმი არ დაიცვა და სამსახურში გამოცხადდა, სანამ კოლეგებმა არ მოსთხოვეს სახლში დაბრუნებულიყო.

კომენტარები