ნავთობის ფასი

ნავთობის ფასი 20%-ით შემცირდა - ეს 1991 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა

9 მარტს სავაჭრო დღის გახსნის მომენტში Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 38 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა სავაჭრო დღის დახურვის დროს ფასი 46 დოლარი იყო.

ამ დროისთვის, ფასი 22%-ით დაეცა და 35 დოლარს უტოლდება, 21%-ით შემცირდა WTI-ის მარკის ნავთობის ფასი და 32,5 დოლარს შეადგენს. რაღაც დროის განმავლობაში მაისის ფიუჩერსების ფასი 33 დოლარამდე შემცირდა, ბოლოს ასე იაფი ნავთობი 2016 წელს ღირდა.  

1991 წლიდან მოყოლებული ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში ნავთობის ფასები ამდენით არასდროს შემცირებულა. ბოლოს ასე მკვეთრად ნავთობის ფასები 1991 წელს აშშ-ის მიერ ქუვეითში სამხედრო ოპერაციის "უდაბნოს ქარიშხალის" დაწყების დღეს შემცირდა. ოპერაცია ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მიერ მეზობელი ქუვეითის ოკუპაციის შეწყვეტას ისახავდა მიზნად. 

სავაჭრო დღის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე მსოფლიოს წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა Goldman&Sachs-სმა განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ნავთობის ფასები შესაძლოა 20 დოლარამდე შემცირდეს. 

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ OPEC-მა და რუსეთმა გასულ უქმეებზე ფასების ომი წამოიწყეს. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი საკუთარ ნავთობზე ფასს ბოლო 20 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაიყვანს", — წერია დასკვნაში. 

ბანკის ეკონომისტები თვლიან, რომ ნავთობის დაბალი თვითღირებულების მქონე ქვეყნები შეეცდებიან, გაზარდონ მოპოვება და აითვისონ თავისუფალი რესურსები. ექსპერტების აზრით, საუდის არაბეთი ამგვარად შეეცდება, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნოს ქვეყნები, რომლებსაც ნავთობის მაღალი თვითღირებულები აქვთ. 

გასულ უქმეებზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ნავთობის მწარმოებელ სახელმწიფოთა მინისტრთა სხდომა გაიმართა. სწორედ ამ სხდომაზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ. 

საუდის არაბეთი დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 1,7 მილიონი ბარელით შემცირებას მოითხოვდა, თუმცა წინადადებას რუსეთი არ დათანხმდა. ამგვარად, ჩაიშალა 2016 წლის შეთანხმებაც და ნავთობის მოპოვებაზე მანამდე არსებული ლიმიტებიც. გარიგების ჩავარდნიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდას აპირებს. 

ამჟამად, საუდის არაბეთი დღე-ღამეში 9,8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, როგორც ცნობილია, ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში შესაძლოა 12 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს. 

კომენტარები