ნავთობის ფასი

რუსული ნავთობის ფასი 1998 წლის დროინდელ ფასს დაუბრუნდა

რუსეთში წარმოებული, მთავარი საექსპორტო სახეობის URALS-ის მარკის ნავთობის ფასი სავაჭრო დღის გახსნის შემდეგ 10 დოლარს ჩამოცდა. მოსკოვის დროით, 12 საათის ევროპაში URALS-ის მარკის ნავთობის ფასმა 8,4 დოლარი შეადგინა. ასეთი იაფი რუსული ნავთობი ბოლოს 1998 წელს ღირდა. 

იაფდება საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული, Brent-ის მარკის ნავთობიც და დღის დასაწყისში ფასმა 19 დოლარი შეადგინა. ამ მარკის ნავთობი 20 დოლარზე ნაკლები ბოლოს 2002 წლის თებერვალში ღირდა. 

გუშინ ამერიკული WTI-ის ნავთობის ისტორიული ვარდნის დროს Brent-ის მარკის ნავოთბის ფასი 25 დოლარს აღემატებოდა. 

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მარტიდან - 15 აპრილამდე პერიოდში URALS-ის საშუალო ფასი ბარელზე 19 დოლარი იყო, ხოლო ტონაზე 139 დოლარი. შესაბამისად, პირველი მაისიდან საექსპორტო ტარიფი ტონაზე 6,8 დოლარი, ხოლო ბარელზე 90 ცენტი იქნება. სწორედ ამდენს მიიღებს რუსეთის ბიუჯეტი ყოველი გაყიდული ბარელიდან თუ ტონიდან. 

შედარებისთვის ამ თვის ტარიფი ტონაზე 52 დოლარია, ხოლო ბარელზე 7,1 დოლარი შესაბამისად მაისში საექსპორტო ტარიფი და შემოსავალიც 87%-ით შემცირდება. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს, ის რომ ფასი სხვა ენერგომატარებლებზეც მცირდება, ამის გარდა ნავთობის მრავალი საბადო რუსეთში საექსპორტო ტარიფისგან თავისუფალია. ასეთი საბადოებისგან შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტში სხვა დროსაც არ შედის. 

მაისში საექსპორტო ტარიფის შემცირებით რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს დაკარგავს. დანაკლისის ნაწილს დემპფერული წესის თანახმად უშუალოდ სანავთობო კომპანიები აანაზღაურებენ. 

აპრილის დასაწყისში URALS-ის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა. ამ დროისთვის საშუალო ფასი კი 17 დოლარის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე მომავალ თვეებში ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტში მკვეთრად შემცირდება. 

გუშინ, 15 აპრილს გამოქვეყნდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიში. დასკვნის მიხედვით, გასული წლის აპრილთან შედარებით, საერთაშორისო მოთხოვნა ნავთობზე დღიურად 29 მილიონი ბარელით შემცირდა და 1995 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. 

სააგენტო ვარაუდობს, რომ მაისში მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება და კლება დღეში 26 მილიონ ბარელს გაუტოლდება. სააგენტოს პროგნოზით, ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნა რეკორდული 9,3 მილიონი ბარელით შემცირდება და 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება. 

12 აპრილს OPEC და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მაისსა და ივნისში მოპოვებას დღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებდნენ. წლის მეორე ნახევარში ლიმიტი 7,7-მდე შემცირდება. შეთანხმების მოქმედების ვადად კი, 2022 წლის აპრილი განისაზღვრა. შეთანხმების შემდეგ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი ლიმიტები არ იქნება საკმარისი ფასების საგრძნობი ზრდისთვის და, როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ბაზარზე განვითარებული მოვლენების მიზეზიც. 

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ნავთობის ფასები უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდეს, რაც დამატებით სტიმულს მისცემს OPEC-ის არაწევრ სახელმწიფოებს, შეამცირონ მოპოვება, მათ შორის, აშშ-საც. 

ბაზრის მიმომხილველების აზრით, ნავთობის ფასები არსებულ ამპლიტუდაში მანამ შენარჩუნდება, სანამ მიწოდება სათანადო დონემდე არ დაიწევს.

კომენტარები