აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ბლუმბერგი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა

მაიკლ ბლუმბერგი
Getty Images

მილიარდერი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

"სამი თვის წინ ნომინაციისათვის ბრძოლაში დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ჩავერთე. დღეს ამ ბრძოლას ვტოვებ ამავე მიზეზით - ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დარჩენით ამ მიზნის მიღწევა უფრო გართულდება." ნათქვამია ბლუმბერგის განცხადებაში.

ბლუმბერგმა მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა:

"ყოველთვის მჯეროდა, რომ ტრამპის დამარცხება იმ კანდიდატის უკან გაერთიანებით მოხერხდებოდა, რომელსაც ყველაზე კარგი შანსები აქვს. გუშინდელი არჩევნების შემდეგ ნათელია, რომ ეს კანდიდატი ჩემი მეგობარი და შესანიშნავი ამერიკელი ჯო ბაიდენია. ჯოს დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი მისი პატიოსნება, გულწრფელობა და თავდადება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იარაღზე კონტროლი, ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება და კარგი სამუშაო ადგილები, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის."

ბლუმბერგი წინასაარჩევნო კამპანიაში დაგვიანებით ჩაერთო და პირველ 4 შტატში ჩატარებულ პრაიმერში მონაწილეობა არ მიუღია. ის იმედეს სუპერ სამშაბათზე ამყარებდა, თუმცა 3 მარტს 14 შტატში გამართულ ყველა პრაიმერში დამარცხდა. მიუხედავად მის მიერ კამპანიისათვის საკუთარი ქონებიდან 500 მილიონზე მეტი დოლარის დახარჯვისა, მან ამ დროისათვის არსებული შედეგებით მხოლოდ 40-მდე დელეგატი მოიპოვა და ამერიკის სამოაში გამართულ კოკუსში გაიმარჯვა.

14 შტატში გამართული პრაიმერიდან რვაში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბაიდენმა მოიგო მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, არკანზასის, ალაბამას, ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინას და ვირჯინიის შტატებში. მოსალოდნელია, რომ ის გაიმარჯვებს ტეხასშიც.

ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა ვერმონტში, იუტასა და კოლორადოში. მოსალოდნელია, რომ სანდერსი იქნება გამარჯვებული კალიფორნიაში.

სუპერ სამშაბათს სულ 1,300 დელეგატი გადანაწილდა. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ. ამჟამად ბაიდენს 453 დელეგატი ჰყავს, სანდერსს 382, უორენს 50.

ბაიდენისა, ბლუმბერგის და სანდერსის გარდა დელეგატების მოპოვებისათვის იბრძოდა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი. ის საკუთარ შტატში, მასაჩუსეტსში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა ხმების 21%-ით.

ბლუმბერგის მარცხს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ყველაზე ხელმოცარული დღეს მინი მაიკ ბლუმბერგია. მისმა "პოლიტიკურმა" მრჩევლებმა სასეირნოდ წაიყვანეს. $700 მილიონი ჩარეცხეს და მას არაფერი აქვს სანაცვლოდ გარდა ზედმეტსახელისა - მინი მაიკი, და რეპუტაციის სრული განადგურებისა. ყოჩაღ, მაიკ!" 

სუპერ სამშაბათამდე კანდიდატურა მოსხნეს მინესოტას სენატორმა ემი კლობუშარმა და საუს ბენდის ყოფილმა მერმა პიტ ბუტიჯეჯმა. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. ბაიდენმა თქვა, რომ მინესოტაში მისი გამარჯვება კლობუშარის მხარდაჭერის დამსახურებაა. გამოკითხვებით მოსალოდნელი იყო, რომ ამ შტატში სანდერსს გაემარჯვა.

კომენტარები