აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად 7 აპრილს ვისკონსინის შტატში პრაიმერი ჩატარდება

AP

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად 7 აპრილს ვისკონსინის შტატში პრაიმერი ჩატარდება.

პრაიმერის ჩატარება დანიშნულ დროს რესპუბლიკურმა პარტიამ მოითხოვა. მათ სასამართლო გამოიგეს, რამაც შტატის დემოკრატი გუბერნატორის, ტონი ევერსის გადაწყვეტილება პრაიმერის ივნისამდე გადადების თაობაზე დაბლოკა. უზენაესმა სასამართლომ კი მხარი არ დაუჭირა ქვედა პალატის გადაწყვეტილებას, რაც დამატებით 6 დღეს იძლეოდა, რათა ამომრჩევლებს ხმა ფოსტის საშუალებით მიეცათ.

ყველა სხვა შტატში, სადაც პრაიმერი აპრილის თვეში იყო დაგეგმილი, არჩევნები გადადეს ან ფოსტით ხმის მიცემის სისტემაზე გადავიდნენ.

იმის გამო, რომ მოხალისეები, ვისაც პრაიმერის ჩატარებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მუშაობაზე უარს ამბობენ, მათ მოვალეობას ეროვნული გვარდიის 300-მდე ჯარისკაცი შეასრულებს. შტატის ზოგიერთ ქალაქში კი იძულებული გახდნენ საარჩევნო უბნების რაოდენობა შეემცირებინათ. ათასობით ადამიანმა, ვინც ხმის მიცემა სახლიდან მოითოვა, ბიულეტენი ვერ მიიღო და ამის გამო იძულებული იქნებიან უბნებზე მივიდნენ, არ პრაიმერში მონაწილეობა არ მიიღონ.

უბნებზე მიიღებენ სპეციალურ ზომებს, რათა ფიზიკური კონტაქტი შემცირდეს. მათ შორის იქნება დისტანციის დაცვა.

პრაიმერის შედეგები 13 აპრილს გახდება ცნობილი. დონალდ ტრამპმა უკვე ოფიციალურად მოიპოვა რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია. დემოკრატიული პარტიიდან კი ნომინაციისათვის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი იბრძვიან. ამჟამად ბაიდენს 1,217 დელეგატი ჰყავს, ბერნი სანდერსს - 914. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ.

სანდერსმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო პრაიმერი უნდა გადაიდოს. ჯო ბაიდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე თქვა, რომ უბნების გახსნა შესაძლებელი იყო, თუ სპეციალურ მითითებებს დაიცავდნენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

შტატში პრაიმერის გარდა ხმას მისცემენ შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს.

შტატში ვირუსით დაავადების უკვე 2,440 შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 77 ადამიანი. სულ აშშ-ში ამჟამად გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 277,607 შემთხვევა, დაიღუპა 7,406, გამოჯანმრთელდა 12,283 ადამიანი.

კომენტარები