საარჩევნო სისტემა

ჟორჟოლიანი: ენმ-ისა და ევსაქების მიღმა მყოფი დეპუტატებით საარჩევნო ცვლილება შესაძლებელია

გია ჟორჟოლიანი
მეორე არხი

საპარლამენტო ფრაქციის "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები" წევრი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ იმ დეპუტატების რესურსის საფუძველზე, რომლებიც არც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან და არც ევროპული საქართველოსი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღწევაა შესაძლებელი. 

"მათი რესურსის საფუძველზე შესაძლებელია, მიღწეულ იყოს ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს. მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ამ ნაწილს აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, შეასრულონ ისტორიული როლი,"- თქვა გია ჟორჟოლიანმა. 

დეპუტატის თქმით, დიალოგის პროცესში ფართო კონსენსუსის მიუღწევლობის პირობებშიც კი, ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ვარიანტი, "40%-იანი ჩამკეტით", მანდატების 110/40-ზე გადანაწილებითა და 1%-იანი ბარიერით, არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. 

მანდატების რა პროპორციებით გადანაწილების წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები