საარჩევნო სისტემა

115 მომხრე - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა

ტაბულა

115 მომხრე – პარლამენტმა საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა.

კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა.

კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ თავი შეიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, პარლამენტში კანონის მისაღებად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც შეგროვდა.

I მოსმენის დროს, რომელიც 21 ივნისს გაიმართა, ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და ცვლილებებს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, ცვლილებები 136 ხმით მიიღეს.

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.

ამასთან, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღო მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები