საარჩევნო სისტემა

ხვიჩია 0%-იან ბარიერზე: ივანიშვილმა ვერ განახორციელა, გუნდშიც ვერ გაუგეს იდეის სიდიადე

ტაბულა

"ივანიშვილმა ვერ განახორციელა, საკუთარ გუნდშიც ვერ გაუგეს ამ იდეის სიდიადე". –ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ტელეკომპანია პირველის ეთერში უბარიერო პროპორციულ სისტემაზე საუბრისას.

"რაც არ უნდა ცინიკურად და ირონიულად ჟღერდეს ეს, მე მართლა ასე ვფიქრობ, რომ მთავარი მმართველობითი სისტემა გადმოსცა ერთ წინადადებაში - და უთხრა ქართველ ხალხს, როგორ უნდა ეცხოვრათ ზოგადად, მართალია, მან ეს ვერ განახორციელა, იმიტომ, რომ საკუთარ გუნდშიც კი ვერ გაუგეს ამ იდეის სიდიადე, ზოგადად, მაგრამ ეს იდეა დარჩა. მე ამისთვის ბიძინა ივანიშვილს სულ მადლობას ვეუბნები.

ახლა ჩვენი ვალდებულებაა, მათ შორის, ქართული ოცნების დღევანდელი წევრები ჩემზე მეტად უნდა გრძნობდნენ ამ ვალდებულებას, რომ ეს სისტემა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არ ვიცი,  გაიაზრა და სხვებმა, ჯერჯერობით, ვერ გაიაზრეს, ქართველ ხალხს ჰქონდეს, რომ ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომელიც სულ გვქონდა - ერთპიროვნული მმართველობა და ერთმანეთის ჭამა, ამაზე იფიქრა იმ კაცმა". –ამბობს იაგო ხვიჩია. 

გუშინ, 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პარტია მზად არის, უბარიერო საარჩევნო სისტემაზე "გირჩის" წინადადება განიხილოს, "თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია." 

2019 წლის 24 აგვისტოს, გავრილოვის ღამის გამო 4-დღიანი პროტესტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა. 

თუმცა, 2019 წლის 14 ნოემბერს ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა დაარღვია.

კომენტარები