ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე შოთაძის გენპროკურორობის კანდიდატობაზე: დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისთვის "არანაირი მნიშვნელობა" არ აქვს ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ შოთაძემ სწორედ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის მაისში. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

"ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება. ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს, დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი" - წერს სარალიძე Facebook-ზე.

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორობის კანდიდატია. მთავარი პროკურატურის ცნობით, მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ორგანიზაციის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, რომელიც უკავშირდებოდა ბოლო წლების ერთერთ ყველაზე გახმაურებულ ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობას და სისტემურ ჩავარდნას.

კომენტარები