თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

ავიაკატასტროფის გამო უკრაინის ავიარეგულატორმა ირანში ფრენები დროებით აკრძალა

Business Traveller

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, უკრაინის საჰაერო ტრანსპორტის რეგულატორმა ირანში ფრენები იქამდე აკრძალა, სანამ თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი არ გაირკვევა. 

ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

"რეგიონში შექმნილი სიტუაციის გამო უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები აცხადებს, რომ დაგეგმილი ფრენები კიევსა და თეირანს შორის გადაიდო. უკრაინის საჰაერო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ირანის საჰაერო ზონაში ყველა რეგისტრირებული უკრაინული ავიატრანსპორტისთვის ფრენა აკრძალა,"- წერია განცხადებაში. 

აკრძალვის შესახებ უკრაინულ მედიას ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც მიაწოდა:

"ჩვენ ვუსამძიმრებთ ირანის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. საჰაერო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციამ 9 იანვრიდან ირანის მიმართულებით ფრენები აკრძალა მანამ, სანამ არ გაირკვევა კატასტროფის მიზეზები,"- აცხადებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ერთადერთი არ არის, რომელმაც ირანის მიმართულებით ფრენა აკრძალა. ირანის მიერ ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შემდეგ რამდენიმე წამყვანმა ავიაკომპანიამ გააუქმა. 

გერმანიის Lufthansa, დუბაიში დაფუძნებული Emirates და დაბალბიუჯეტური flydubai იმ ავიახაზებს შორისაა, ვინც ფრენები გააუქმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა UNIAN-ს უწყებაში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ტერაქტისა და სარაკეტო იერიშის ვერსიები გამოირიცხა.

თვითმფრინავი თეირანში ირანის დროით 04:30 საათზე ჩამოვარდა და შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავზე მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ის 176-დან 180-მდე მერყეობს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრენისთვის ბილეთი 168 მგზავრმა შეიძინა, თუმცა ამ დრომდე არკვევენ, რამდენი იყო ისეთი მგზავრი, რომელსაც ბილეთი ჰქონდა, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლია. დადასტურებულად ცნობილია, რომ ეკიპაჟის ცხრავე წევრი უკრაინელი იყო. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ ბორტზე 11 უკრაინელი დაიღუპა - 2 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი. 

უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე ირანის 71, კანადის - 73, გერმანიის - 4, დიდი ბრიტანეთის - 3, შვედეთის - 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე დაიღუპა. 

კომენტარები