თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

აშშ უკრაინული ავიაკატასტროფის გამოძიებას შეუერთდება

აშშ-ის ეროვნული ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭო უკრაინული ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩაერთვის შესახებ ირანის მოწვევას დათანხმდა.

სააგენტომ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეაგირების ოპერაციების ცენტრმა ირანისგან ფორმალური შეტყობინება მიიღო.

"ეროვნული ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭომ ავიაკატასტროფის გამოძიებისთვის აკრედიტებული წარმომადგენელი დანიშნა," - წერს სააგენტო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭო ავიაკატასტროფის გარშემო არსებულ ვითარებას აკვირდება და გამოძიებაში მონაწილეობის დონეს აფასებს.

საერთაშორისო წესებით, რადგან Boeing 737-800NG ამერიკაშია შექმნილი და აგებული, აშშ-ს მონაწილეობის უფლება აქვს.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ირანის წარმომადგენელმა ფარად ფარვარეშმა შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

მისი თქმით, აკრედიტებული გამომძიებლებისთვის ირანი საკონსულო მომსახურეობის გასაწევად და ვიზების გასაცემად მზადაა.

გამოძიებისთვის ექსპერტი დანიშნა კანადამაც, რაც შეეხება უკრაინას, გუშინ უკრაინის წამრომადგენელებმა თეირანში შეხვედრა გამართეს. გამოძიების შესახებ შვედეთს და ავღანეთსაც შეატყობინეს. უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავში შვედეთისა და ავღანეთის რამდენიმე მოქალაქეც იყო. 

ფარვარეშის თქმით, გამოძიებაში, შესაძლოა, საფრანგეთიც ჩაერთოს, რადგან ეს ერთერთი ქვეყანაა, სადაც თვითმფრინავის ძრავები დამზადდა.

ფარად ფარვარეშმა გაიმეორა ირანის ოფიციალური პოზიცია და მანაც უარყო აშშ-ის ადა კანადის ვერსია, რომ თვითმფრინავი ირანმა შემთხვევით ჩამოაგდო. ის მიიჩნევს, რომ მიზეზზე სპეკულირება ნაადრევია და გამოძიება აპოლიტიკური უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, თქმით, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. 

ამერიკული მედია ასევე წერს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა და ის ირანის ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 

უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო:

"უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. შესაძლოა, ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. ბრიტანეთი ყველა მხარეს მოუწოდებს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისაკენ." თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და თქვა, რომ "შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა". 

"მე მაქვს ჩემი ეჭვები, არ მსურს ამაზე საუბარი, სხვა ადამიანებს თავიანთი ეჭვები აქვთ. შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა. არა ჩვენმა სისტემამ. ამბობენ, რომ მექანიკური, არ ვიცი. საშინელი რამ მოხდა", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ამერიკული გამოცემა, New York Times-მა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შეამოწმა. მათი ინფორმაციით, ვიდეო ადასტურებს, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

კომენტარები