თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

ზელენსკი: გამორიცხული არაა თვითმფრინავზე სარაკეტო თავდასხმა, თუმცა ჯერ არ დადასტურებულა

New York Post

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ​ ზელენსკის თქმით, სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავზე არ გამორიცხავს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ დამტკიცებულა.

ზელენსკის თქმით, მოგვიანებით იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან გამოძიების შესახებ ისაუბრებს.

"ვერსია, რომ თვითმფრინავი სარაკეტო შეტევის შედეგად ჩამოვარდა არ გამოირიცხება, მაგრამ ჯერჯერობით ეს დამტკიცებული არაა", - ამბობს ზელენსკი.

ვოლოდიმირ​ ზელენსკის თქმით, მან მოუწოდა აშშ-ს, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოს, რომ ბოინგის კატასტროფის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია მას გაუზიარონ.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. 

ამერიკული მედია ასევე წერს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა და ის ირანის ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 

უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო:

"უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. შესაძლოა, ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. ბრიტანეთი ყველა მხარეს მოუწოდებს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისაკენ." - თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და თქვა, რომ "შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა". 

"მე მაქვს ჩემი ეჭვები, არ მსურს ამაზე საუბარი, სხვა ადამიანებს თავიანთი ეჭვები აქვთ. შესაძლოა, ვიღაცამ მეორე მხარეს შეცდომა დაუშვა. არა ჩვენმა სისტემამ. ამბობენ, რომ მექანიკური, არ ვიცი. საშინელი რამ მოხდა", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ამერიკული გამოცემა, New York Times-მა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შეამოწმა. მათი ინფორმაციით, ვიდეო ადასტურებს, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

ირანი უარყოფს, რომ თვითმფრინავი ირანული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.

კომენტარები