საარჩევნო სისტემა

შოთა ხაბარელი: ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, რა იქნება 2024-ში, გვიჩვენებს დრო

ქართული ოცნების დეპუტატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო სისტემის შესახებ დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ დრო გვიჩვენებს, რა იქნება 2024 წელს.

"მოდი, ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე. რა იქნება 2024 წელს, გვიჩვენებს დრო. ჩვენ უნდა შევეხოთ ყველა საკითხს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი. ამიტომ, პროპორციულიც უნდა განვიხილოთ, მაჟორიტარულიც, საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომელი იქნება უკეთესი" - თქვა შოთა ხაბარელმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.

ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

განხილვის საგანი 2020 წლის საარჩევნო სისტემა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ შემოთავაზებული ე.წ ამერიკული მოდელია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას გულისხმობს.

ე.წ "ამბოხებულმა" მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა.

საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლის რედაქციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

ბიძინა ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ, მას შემდეგ, რაც გავრილოვის ღამეს მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება გასცა.

თუმცა, ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო.

ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების მიერ დასახელებული საფრთხეები დასახელდა.

ერთ-ერთი "ამბოხებული" დეპუტატი, რომელიც თავდაპირველად პროპორციულ სისტემას ემხრობოდა და საყოველთო-სახალხო განხილვებშიც მონაწილეობდა, კენჭისყრამდე 3 დღით ადრე კი საფრთხეებზე ალაპარაკდა, დიმიტრი ხუნდაძეა, რომელმაც 4 დეკემბერს 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში დაარეგისტრირა. ჯგუფი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას ითხოვს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მორიგი შოუა. 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

ქართული ოცნების ლიდერებმა კანონპროექტის ჩაგდება იმ მაჟორიტარ დეპუტატებს გადააბრალეს, რომლებიც კანონპროექტის ავტორები იყვნენ. მოგვიანებით მათ "ამბოხებული მაჟორიტარები" ეწოდათ, რომელთა შორის ყველაზე აქტიური სწორედ დიმიტრი ხუნდაძე იყო.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, ხუნდაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები