თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილი: ვრცელდება ასეთი ვერსიები, რომ იმ სამი სპეცრაზმელიდან ერთერთმა თავი მოიკლა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ უშუალოდ სპეცოპერაციაში სამი სპეცრაზმელი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგანაც ერთერთმა მოგვიანებით თავი მოიკლა. 

მაჩალიკაშვილი ამაზე წყაროზე დაყრდნობით საუბრობს, თუმცა წყაროს ვინაობას არ ასახელებს. ის ამბობს, რომ წყაროს მისთვის არც სპეცრაზმელების სახელები და გვარები არ უთქვამს. 

"ის ინფორმაცია, ვინც მომაწოდა, მას სახელი-გვარები არ მოუწოდებია ჩემთვის. ვრცელდება ასეთი ვერსიები, რომ ერთერთმა იმ სამი სპეცრაზმელიდან თავი მოიკლა,"- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. 

მაჩალიკაშვილის თქმით, სპეცოპერაციის დროს ის სამი საათის განმავლობაში "იარაღის ქვეშ" იყო, რა დროსაც სახლის გარეთ მისმა ცოლმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი დაინახა. 

"როცა ჩატარდა ეს ე.წ სპეცოპერაცია, ეს მხდალები და ლაჩრები რომ გაიქცნენ, გაიტაცეს თემირლანის გვამი თავიანთივე მანქანით, სასწრაფო კი არ გამოიძახეს, სასწრაფოს კი არ წაუყვანია. შემდეგ ხეობაში მოდის იოსებ გოგაშვილი. როგორცკი ტელევიზიაში გამოჩნდა მისი სურათი და ინტერვიუც გამოჩნდა, მედიკო [მაჩალიკაშვილის ცოლი] იძახის, რომ პირდაპირ ეს ადამიანი იყო, ვინც მესაუბრებოდა იმ დილასო,"- ამბობს მაჩალიკაშვილი. 

იოსებ გოგაშვილმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, არაერთხელ უარყო, მათ შორის თავის ერთერთ ბოლო ინტერვიუშიც. 

"ქალბატონი მედიკო ამბობდა, რომ დამინახა იქ, მაგრამ აღწერილობას რას ამბობდა ჩემზე, როგორ მახასიათებდა. ამ ადამიანმა გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვა ის [რომ მე დამინახა მის სახლთან]. ეს ის პერიოდი იყო, როცა მასზე უკვე მუშაობდნენ კონკრეტული ადამიანები. მოვა დრო და მე ამ ყველაფერს ვიტყვი მას შემდეგ, რაც მივცემ ჩვენებას,"- თქვა გოგაშვილმა 25 მაისს მიცემულ ჩვენებაში, როდესაც უკვე აღარ იყო სუს-ის მაღალჩინოსანი. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაში გამორჩეულად ორ პირს ადანაშაულებს, იოსებ გოგაშვილსა და ანტიტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიმაკაძეს. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთი წლისა და 10 თვის შემდეგ, 22 ოქტომბერს პროკურატურამ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაკითხა. 

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. 

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

კომენტარები