ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, თუმცა, ველოდები პროკურატურის დასაბუთებას

ტაბულა

ზაზა სარალიძის შეფასებით, "ფაქტიურად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია". თუმცა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ელოდება, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც დღემდე ჩემთან ერთად იბრძოდა სამართლის მისაღწევად და მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ბოლობოლო ჩათვალა საჭიროდ, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. ფაქტიურად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინასასამართლო პროცესი ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის "გაპრავებას", დაველოდოთ" - თქვა სარალიძემ TV პირველთან საუბარში და აღნიშნა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა მიხეილ კალანდიას დაკავების მოლოდინი.

"რა დროსაც ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში, იმ დღიდან არასდროს შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისმგებაში. ეს სამართალი საჭირო იყო, მსგავსი პრეცედენტები არ უნდა განმეორდეს, იქნებ ბავშვები გონს მოეგონ და მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის არც ჩადენა და არც მისი დამალვა" - თქვა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავა. 

ევროპული საქართველოს ინიციტიავით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, ძირითადი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. ამასთან, კომისიამ გამოძიების მთავარ დარღვევად სწორედ მიხეილ კალანდიასთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა დაასახელა. 

საგამოძიებო კომისია ასევე წერდა, რომ გამოძიების მთავარი დარღვევა, მათ შორის, იყო ის, რომ სამართალდამცავი პირები საქმის გამოძიების პროცესში მიკერძოებულები იყვნენ მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. კომისია 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერდა, რომ მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო.

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

გუშინდელი  გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამარლთოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კომენტარები