ფარული ჩანაწერები

ჩიტიძე: სახელმწიფო ამბობს, რომ ჭორაობისთვის შეიძლება დაისაჯო, ეს არასწორია

გიორგი ჩიტიძე
რადიო თავისუფლება

იურისტი გიორგი ჩიტიძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდების საქმეს აფასებს. 

მისი თქმით, სახელმწფო ამბობს, რომ ჭორაობისთვის შეიძლება დაისაჯო, რაც მიუღებელია. 

იურისტი თავის მოსაზრებას დეტალურად ასე ხსნის: 

"სინამდვილეში, სისხლის სამართლის ის ნორმა, რომლითაც ამ ხალხს დევნიან, მინიმუმ ჩემთვის, გულისხმობს შემდეგ რამეს.

  1. ჩანაწერი უნდა იყოს უკანონო. ესე იგი, იმთავითვე არსებობს პრეზუმფცია, რომ შეიძლება არსებობდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კანონიერი ჩანაწერი. რომელია ასეთი ჩანაწერი? მაგალითად, ლეგალური პორნოგრაფია, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობით, ე.წ. სერვის კონტრაქტით სრულდება მსახიობსა და ფილმის გადამღებ კომპანიას შორის. ასევე, კანონიერია ის ჩანაწერი, რომლის ერთ-ერთი მხარეც მე ვარ (მაგალითად, თუ მიგზავნით ინფორმაციას ან მელაპარაკებით, იმთავითვე, არსებობს რისკი, რომ შეიძლება გავავრცელო. გავრცელება არის უბანში ბირჟაზე დგომა და ჭორაობა ან ინტერნეტში სტატუსად დაწერა და ა.შ. ბუნებრივია, ზეპირსიტყვიერი გადმოცემა და ვიზუალური მასალა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, სამართლებრივად, არსი ერთია).

    შესაბამისად, ნათელია რომ ჩანაწერი უნდა იყოს უკანონო.
  2. როგორ გავარკვიო რომ ჩანაწერი უკანონოა, თუ მაგალითად, ინტერნეტის ეპოქაში, ვიღაცამ ლინკი ჩამიგდო. პირობითად, გამომიმგზავნეს ვიდეო, რომელზეც რომელიღაც ცნობილი მომღერალია ასახული და ბუნებრივად შეიძლება ვიფიქრო, რომ ეს ჩანაწერი უკანონო კი არაა, არამედ თავად ამ „სელებრითმა" ატვირთა. გავხსენი, ვუყურე, წავშალე. დავისჯები? რა თქმა უნდა - არა.
  3. მით უფრო, თუ ეს არის youtube ან სხვა საჯარო პლატფორმაზე ატვირთული ვიდეო მასალა. მაგალითად, თუ ცნობილ პორნოსაიტზე განთავსდა ასეთი უკანონო ჩანაწერი, რომელსაც მილიონობით ადამიანი სტუმრობს, ბუნებრივია, კიდევ უფრო გართულდება იმის დამტკიცება რომ, ვიცოდი, ჩანაწერი უკანონო იყო ან რომც ვიცოდე, ბევრს არაფერს ცვლის.
  4. შესაბამისად, მეორე სცენარი: თუ ვიდეო ვნახე ასეთი ლინკით და მეგობარს გადავუგდე, უნდა დავისაჯო? რა თქმა უნდა, არა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე ლოგიკით, კიმ კარდაშიანის ვიდეოს გაზიარებისთვისაც უნდა დავისაჯო, თუ აღმოჩნდა რომ ეს ვიდეო კარდაშიანს მოპარა ვინმე პაპარაცმა და ინტერნეტში განათავსა.
  5. მაშინ ისმის კითხვა, რისთვის ვისჯები?

დავისჯები თუ, სხვისი პირადი ცხოვრების ჩანაწერი უკანონოდ მოვიპოვე (მაგალითად, მალულად ჩავწერე ვინმე ან მოვიპარე ასეთი ჩანაწერი) ამას ვინახავ ან/და ინტერნეტში ვტვირთავ/სხვაგვარად ვავრცელებ და ეს მნიშვნელოვან ზიანს იწვევს.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ:

  1. კანონიერად მიღებული პირადი ცხოვრების ჩანაწერი, მათ შორის, ნებაყოფლობით, ვიღაცის მიერ ჩემთვის გაზიარებული ინფორმაციის ნახვის, შენახვის ან/და გავრცელებისთვის არ უნდა დავისაჯო.
  2. ამგვარი ინფორმაციის მიღების, მხოლოდ ყურების და წაშლის შემთხვევაში, არ უნდა დავისაჯო.
  3. საჯარო პლატფორმაზე/ინტერნეტში უკვე განთავსებული ინფორმაციის მიღების, შენახვის და გავრცელების შემთხვევაში (დავარქვათ ამას, უნებლიე გავრცელება) არ უნდა დავისაჯო.
  4. უნდა დავისაჯო, თუ სხვისი პირადი ცხოვრების ჩანაწერი უკანონოდ მოვიპოვე ( მაგალითად, მალულად ჩავწერე ვინმე ან მოვიპარე ასეთი ჩანაწერი ) ამას ვინახავ ან/და ინტერნეტში ვტვირთავ/სხვაგვარად ვავრცელებ და ეს მნიშვნელოვან ზიანს იწვევს.

სხვა შემთხვევაში, შეიძლება ვიღაც შემომიძვრეს კომპიუტერში, ჩამიგდოს ვიდეო ან/და ჩემი სახელით გაავრცელოს და ამტკიცე მერე რომ, არც იცოდი და არც გინახავს. ან ჩამიგდებენ ვირუსულ ლინკს, დავაჭერ, გამოვა ვიდეო და ესეც დასვამს დანაშაულის შემადგენლობას.

სისხლის სამართალია, საქულას დუქანი კი არა", - წერს გიორგი ჩიტიძე. 

19 წლის ანი აროშიძე და კიდევ 15 ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს დააკავა. 16 ბრალდებულიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ანი აროშიძემ თავისი ისტორია 22 თებერვალს მოყვა. მისი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახა და ის 3 ახლო მეგობარს პირად შეტყობინებაში გადაუგზავნა, რისთვისაც ის საჯარო წერილში ბოდიშს უხდის დეპუტატს. 

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო. 

კომენტარები