სექსუალური შევიწროება

პირველი ქალი პრეზიდენტის რეზიდენციასთან პირველ აქციას ქალთა მოძრაობა გამართავს

ქალთა მოძრაობა

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის რეზიდენციასთან პირველ აქციას ქალთა უფლებადამცველები გამართავენ. ისინი სალომე ზურაბიშვილისგან საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას მოხსნას ითხოვენ.

ამის მიზეზად ქალთა მოძრაობა გაბუნიას იმ განცხადებას ასახელებს, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?".

"ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას მის მიერ დანიშნული საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, ვინაიდან დიმიტრი გაბუნია საკუთარი განცხადებებით ახდენდა სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას და შანტაჟად მოიხსენიებდა ქალთა ბრძოლას უფლებებისთვის. კერძოდ, ის აცხადებდა: "ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია." ის, რაც დიმიტრი გაბუნიას პირად კომუნიკაციად და ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია, სექსუალური შევიწროებად შეფასდა სახალხო დამცველის მიერ სამ საქმეში დევდარიანის წინააღმდეგ. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანი არ უნდა იკავებდეს მაღალ თანამდებობას", - აღნიშნავენ ქალთა უფლებადამცველები.

ქალთა მოძრაობა ხაზს უსვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატობის დროს მიიწვიეს ქალების უფლებებთან დაკავშირებით საჯარო დებატზე, თუმცა მასთან კომუნიკაცია უშედეგო აღმოჩნდა.

​უფლებადამცველები ამბობენ, რომ კვლავ ითხოვენ პრეზიდენტთან შეხვედრას და მოუწოდებენ მას: "გადმოდი ქალების მხარეს!".

რაც შეეხება აქციის ფორმატს, ორგანიზატორები ამბობენ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავენ პერფორმანსს წითელი ლენტით, რადგან #metoo-ს ერაში სწორედ სექსუალური შევიწროების პრობლემაზე გადის წითელი ხაზი. აქციაზე იქნება გულსამაგრებიც წარწერით #მეც, რომელსაც წითელ ლენტთან ერთად პრეზიდენტისთვის გადასაცემად კანცელარიაში დატოვებენ.

აქცია ხვალ, 22 დეკემბერს, 14:00 საათზე, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 18 დეკემბერს დანიშნა. ქალთა მოძრაობამ აქციაზე საუბარი ამავე დღეს დაიწყო.

მათ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გუშინ, 20 დეკემბერს უპასუხა. დიმიტრი გაბუნიამ ქალთა მოძრაობის განცხადებებს არაკვალიფიციური და სასაცილო უწოდა და თქვა, რომ სადაც ისინი კრიტიკის დასაშვებ ზღვარს გადასცდებიან, სამართლებრივ პასუხს მიიღებენ.

"არასერიოზული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. მე მათ ვურჩევდი გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი, სადაც იქნება გადაცილებული, ისინი მიიღებენ სამართლებრივ პასუხს", - ამბობს გაბუნია და დასძენს, რომ ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ქალთა მოძრაობამ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა. 

NGO-ები იხსენებენ დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებას, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?". განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და რომელმაც "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა".

დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანი უფლებების დამცველია.​ CIDA-ს​უკვე ყოფილი ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში 10 მდე ქალი ადანაშაულებს. საქმეების ნაწილს სწავლობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი - 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამოჩნდა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. დევდარიანმა ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

კომენტარები