დავით კირკიტაძის დაკავება

სააკაშვილი: კირკიტაძის განეიტრალებით ივანიშვილი გართმევთ ბოლო იმედს, ამ ნეხვიდან ამოძვრეთ

დაწყებული არჩევნების მეორე ტურიდან, გუშინდელი მოვლენებით გაგრძელებული და დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის, დაკავებით, მინდა, გითხრათ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში. საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი [ბიძინა] ივანიშვილის მიერ და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტის, [გიორგი] გახარიას მიერ.

ეს არის რუსული რეჟიმი, ოღონდ რუსული პენსიების გარეშე, რუსული შემოსავლების გარეშე, უბრალოდ, რუსული რეპრესიები, უბრალოდ, რუსული ტიპის პოლიტიკური სისტემით, უფრო სწორად, პოლიტიკის საერთოდ გაქრობით.

მე მესმის მეგობრებო, რომ ყველას აქვს თავისი საქმე, ყველა ფიქრობს გადარჩენაზე. ქვეყანა იცლება ხალხისგან, ყველას უნდა ლუკმა-პურის მოპოვება. მე მესმის, ყველას ვერ მოსთხოვ, უმეტესობას ვერ მოსთხოვ ქუჩაში დგომას, მით უმეტეს, რომ თქვენ უკვე მიეცით ხმები არჩევნებზე და არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, მაგრამ იცოდეთ, რომ კირკიტაძის განეიტრალებით, მელიას განეიტრალებით, აქტიური ხალხის განეიტრალებით რეგიონებში, ივანიშვილი გართმევთ ბოლო იმედს, რომ ოდესმე ამოძვრეთ ამ ნეხვიდან, სადაც ის ძირავს საქართველოს, როდესმე ამოძვრეთ გაჭირვებიდან, როდესმე ისევ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ.

გაიგეთ, რომ თუ ჩვენ ახლა ამ ადამიანებს არ დავუდგებით გვერდზე, ხვალ თქვენც აღარავინ აღარ დაგიცავთ და ეს ხარბი მანიაკი, ახალგამოჩეკილი ოლიგარქიული დიქტატორი ბოლომდე გაგძარცვავთ, უკანასკნელ კაპიკებს ამოგაძრობთ ჯიბეებიდან და არ დაგაყენებთ საკუთარ ქვეყანაში.

მეგობრებო, საქართველოში დამყარდა ოლიგარქიული დიქტატურა. დარჩა მხოლოდ ცალკეული წინააღმდეგობის ცენტრები, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. ჩვენი ბრძოლა იქნება ძალიან პრინციპული და შეუპოვარი. ჩვენ არასდროს არ დავნებდებით იმას და არ მივიღებთ იმას, რომ საქართველო გააბანძონ და გადააქციონ რუსეთის დანამატად. ყველაფერი გამოგვივა, როცა ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს და ყველა თავის მონაკვეთზე, რაც შეუძლია, გაწევს შესაბამის წინააღმდეგობას. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკა აღარ დარჩა დარბაზებში, პოლიტიკამ გადაინაცვლა მთლიანად ქუჩაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის, დაკავებაზე საუბრობს, რომელიც გუშინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა

კომენტარები