დავით კირკიტაძის დაკავება

კირკიტაძის ადვოკატი: მოსამართლე სათათბიროდაც კი არ გავიდა, ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას

დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი
რუსთავი 2

დავით კირკიტაძის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს ჰქონდა იმედი, რომ სასამართლო სამართლიანობის ფარგლებში დარჩებოდა, თუმცა მოსამართლემ საკითხი ისე გადაწყვიტა, რომ სათათბიროდაც კი არ გავიდა.

გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულს 27 დეპუტატი უდგებოდა თავდებში, მათ შორის პარლამენტარი  "ქართული ოცნებიდან", თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

"ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ სასამართლო დარჩებოდა სამართლიანობის ფარგლებში. თუმცაღა, სიმბოლურია, რომ მოსამართლე სათათბიროდაც კი არ გავიდა რათა გადაეწყვიტა საკითხი. დამეთანხმებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა დღეს ამ დარბაზში. უამრავი ახალი მტკიცებულება წარვუდგინეთ. წარვუდგინეთ 27 პარლამენტარის თანხმობა თავდებთან დაკავშირებით. ასევე გაცხადდა საჯაროდ, რომ აქ არ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ უმცირესობის დეპუტატები, აქ ასევე იყვნენ პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან - ჩემთვის როგორც გახდა ცნობილი კახა ოქრიაშილმა განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით. აქ იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, უმცირესობის ლიდერი. ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, პარლამენტის წევრები და უმცირესობის ლიდერები უდგებოდნენ თავდებში ბატონ დავითს და მოსამართლე არც კი გასულა სათათბიროდ, მთელი პროცესის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ დროზე დასრულებულიყო პროცესი", - ამბობს ადვოკატი.

გიორგი კონდახაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

"დაველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას - რითი დაასაბუთებს მოსამართლე, რომ დავით კირკიტაძე მიმალვას აპირებდა, რომ შესაძლოა მოეხდინა მოწმეებზე ზემოქმედება, მტკიცებულებებზე ზემოქმედება, მაშინ, როცა პოლიციელების ჩვენებაა და ყველაფერი ფირზეა აღბეჭდილი", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუკეტეს.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დავით კირკიტაძის საქმის პროკურორი ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი ბრალდებულისთვის 2015 წელს შეფარდებული გირაოს დარღვევა გახდა.

კომენტარები