სექსუალური შევიწროება

NGO-ები ზურაბიშვილს მიმართავენ - გაბუნიამ შევიწროება ლამის ნორმად, მის პრაქტიკად წარმოგვიჩინა

ქალთა მოძრაობა

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ, გადახედოს მის გადაწყვეტილებას საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით.

NGO-ები იხსენებენ დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებას, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?". განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და და რომელმაც "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა"

"ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

"რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?" - რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შერჩევისას ამ გარემოებებს გაითვალისწინებს.

"მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სწორედ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის განხილვას გეგმავს, ამასთან, დაგეგმილია სხვა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალთა უფლებების მხარდაჭერას ელოდებიან.

"საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ქალთა მოძრაობა
  • საფარი
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
  • ფონდი ტასო
  • ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად"
  • ახალგაზრდა ფემინისტები
  • თანასწორობის მოძრაობა
  • რეალური ხალხი, რეალური ხედვა
  • სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თანაზიარი
  • განათლებისა და შრომის ასოციაცია
  • სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე
  • განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი
  • Action Global Communications Georgia

დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანი უფლებების დამცველია. პირველ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა თქვა: "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?"

CIDA-ს​ უკვე ყოფილი ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში 10-მდე ქალი ადანაშაულებს. საქმეების ნაწილს სწავლობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი - 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამოჩნდა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. დევდარიანმა ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვა დაადასტურა.

კომენტარები