ხორავას ქუჩის საქმე

"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს" - პეტიციას 8 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

ზაზა სარალიძე

"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს" - 10 ნოემბრის ღამეს შექმნილ ონლაინ პეტიციას 8 362 ხელმომწერი ჰყავს. მიმართვას ხელი სულ 10 000-მა მოქალაქემ უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც, პეტიციას განსახილველად ადრესატს ანუ თბილისის მერიას გადასცემენ.

"რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე" - წერია პეტიციაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ, პოლიციასთან მომხდარი ერთერთი დაპირისპირებისას, ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. 10 ნოემბერს მოქალაქეებმა აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გამართეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "გაუგებარია, ვინ დასვა კითხვის ნიშანი შვილმკვდარ მამებსა და ნაძვის ხეს შორის. მისი თქმით, მერიის წერილი მხოლოდ რეკომენდაცია იყო, თუმცა, კახა კალაძე 9 ნოემბერს ამბობდა, რომ 'შეუძლებელი იყო იმ ტერიტორიის" აქციისთვის გამოყენება.

კომენტარები