ხორავას ქუჩის საქმე

"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს" -  რამდენიმე წუთის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, პეტიცია შეიქმნა. მისი ავტორები თბილისის მერიას მიმართავენ.

"რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე" - წერია პეტიციაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ. პოლიციასთან მომხდარი ერთერთი დაპირისპირებისას, ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. დღეს მოქალაქეებმა აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გამართეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა - ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებოს ბრიგადამ გადაიყვანა.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

კომენტარები