ტელეკომპანია იმედი

"ცეკვავენ ვარსკვლავები" იმედს: აღადგინეთ გაშვებული თანამშრომლები ან დავტოვებთ პროექტს

ტელეკომპანია იმედის გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ პროექტიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი აზრით, ეს პროექტის საწინააღმდეგოდ გარკვეული პირების ინტერესების გატარებას ემსახურება.

გადაცემის მონაწილეებისა და შემოქმედებითი ჯგუფის ერთიან განცხადებას ფეისბუქზე გადაცემის მთავარი ქორეოგრაფი, დმიტრი დიკუსარი აქვეყნებს.

"ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეები, მოცეკვავეები და შემოქმედებითი ჯგუფი ვაქვეყნებთ ერთიან განცხადებას. მოვითხოვთ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობამ სამსახურში აღადგინოს ყველა გაშვებული თანამშრომელი, ვინაიდან ვთვლით, რომ მათი გაშვება მოხდა უსამართლოდ და პროექტში უხეშად ჩარევის ფორმით. უსამართლოდ პროექტიდან გაშვებულთა შორისაა პროექტის ხელმძღვანელიც. ვთვლით, რომ ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის საქმიანობისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა და გარკვეული პირების ინტერესების გატარება პროექტის საწინააღმდეგოდ. ასევე მოვითხოვთ ტელეკომპანიის მფლობელებთან და არა დირექტორატთან შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებთ პროექტში დარჩენას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტაბულას ინფორმაციით, გადაცემასთან დაკავშირებით ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა და ამას წინ უძღოდა პროექტის სამხატვრო მხარეში ჩარევა. შედეგად, გაათავისუფლეს ერთ-ერთი პროდიუსერი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ტაბულა დაუკავშირდა ტელეკომპანია იმედის დირექტორ ლანა ბერულავას. მან გვითხრა, რომ ინფორმაცია მცდარია და განცხადება "ცეკვავენ ვარსკვლავების" გუნდს არ ეკუთვნის, რადგან მათ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არ გამოქვეყნებულა. ბერულავამ კითხვებს არ უპასუხა და ეს თათბირის დაწყებით ახსნა, თუმცა შეგვპირდა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები