ტელეკომპანია იმედი

TV იმედის დირექტორი: მოვითხოვ, თათია სამხარაძემ გაასაჯაროოს ჩანაწერი

ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, რამიშვილი რეალური მიზეზის გადასაფარად ცილისმწამებლურ კამპანიას განაგრძობს. ბახტაძე მოითხოვს, თათია სამხარაძემ გაასაჯაროოს ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, საკმარისია ნებისმიერ ადამიანთან საქმიანი ურთიერთობის შესაწყვეტად.

"ბატონი შალვა რამიშვილი განაგრძობს თავის ცილისმწამებლურ კამპანიას ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ, რათა გადაფაროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტის რეალური მიზეზი. ბოლო კვირის განმავლობაში ბატონი რამიშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტელეიმედთან, მასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ანგარიშის დაფარვაზე. ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელზე მუშაობის პროცესშიც შალვა რამიშვილმა ტელევიზიის და თავისი ადვოკატების თანდასწრებით წერილობით დააფიქსირა, რომ მას "არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ტელევიზიის, მისი დამფუძნებლების, აფილირებული და დაკავშირებული პირების მიმართ", არ გახსენებია რა ჩემს მიერ განხორციელებული ზეწოლა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რითაც დღეს აპელირებს.

ეთიკური და სხვა ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა იმ ჩანაწერის გასაჯაროება, რომელიც თათია სამხარაძემ მომასმენინა. მაგრამ რადგან შალვა რამიშვილმა პოლიტიკური დევნილის იმიჯის მორგება გადაწყვიტა, მე მოვითხოვ თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილისგან გაასაჯაროვონ მრავალჯერ ნახსენები აუდიოჩანაწერი. რის შემდეგაც ცხადი გახდება შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტის რეალური მიზეზი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ რაც მე მოვისმინე საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეწყდეს საქმიანი ურთიერთობა", - ნათქვამია გიორგი ბახტაძის განცხადებაში.

შალვა რამიშვილი მისი გათავისუფლების მიზეზად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან ზეწოლას ასახელებს, რა დროსაც, მისი თქმით, აიძულებდნენ კონკრეტული პირი გადაცემაში მიეწვია. თათია სამხარაძის თქმით კი, მას აქვს ჩანაწერი, სადაც რამიშვილი "სექსუალურად ავიწროვებს". სამხარაძე სასამართლოში ჩივილს აპირებს.

 

კომენტარები