არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ეკა ბესელია ტატუნაშვილზე: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ოჯახმა საკუთარი შვილი დაიტიროს

ტაბულა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში, ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მოკვლის შესახებ ისაუბრა. 

"არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს - მის დედას, მის მამას, მის ოჯახსა და ნათესავებს მინდა მივუსამძიმრო. ძალიან რთულია იპოვო შესატყვისი სიტყვა და ანუგეშო ეს ოჯახი, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ამ გაუსაძლისი ტკივილისა და მართლაც უმძიმესი ტრაგედიის მონაწილენი და თანაზიარნი ვართ თითოეული ჩვენგანი. ვაკეთებთ ყველა დონეზე, ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმის, ყველა ინსტრუმენტის, რესურსისა [შიდა, საერთაშორისო, ოფიციალური, არაოფიციალური] და მექანიზმის გამოყენება ხდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ოჯახმა საკუთარი შვილი დაიტიროს, დაუბრუნდნენ ცოცხლად მყოფი ჩვენი მოქალაქეები თავიანთ ოჯახებს და ამის შემდეგ უკვე ძალიან პრინციპულად დგას საკითხი ყველა ფორმატში რეაგირებისა და გამოძიების საერთაშორისო ფორმატებში წარმართვის. ჩართულია ყველა არხი იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადმოცემა ჩვენი მოქალაქის და დაბრუნდება ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში." - თქვა ეკა ბესელიამ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები