არჩილ ტატუნაშვილის საქმე

წერეთელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე: ეუთოს სათანადო რეაგირება ექნება

გიგი წერეთელი ეუთო-ს შეხვედრაზე. ჟენევა, 2014 წელი
ვიკიპედია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ევროპული საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიგი წერეთელმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. 

წერეთლის თქმით, რეაქციები ისეთივე მძაფრი უნდა იყოს, როგორიც მომხდარი ფაქტია. დეპუტატატი ამბობს, რომ როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკონტროლობაა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ რეალური ზემოქმედების საშუალება, ასეთი მძიმე შედეგები ყველასთვის მოსალოდნელია. 

"ამის თაობაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული და ბოლო ზამთრის სესიაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინაში და სხვა არსებულ ცხელ წერტილებში შექმნილ ვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხიც აქტიურად განიხილებოდეს და განსახილველ საკითხთა ნუსხაში არ მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების თემის ჩამოქვეითება,"- ამბობს გიგი წერეთელი. 

მისი თქმით, ტატუნაშვილის გარდაცვალებას გააქტიურების და მოქმედებების ახალი იმპულსი უნდა მოყვეს. წერეთელი ამბობს, რომ არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად მნიშვნელოვანია სხვა მექანიზმების ჩართულობაც, როგორიცაა ეუთო, ევროკავშირი თუ აშშ. 

"მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწრაფი გამოძიება, დამნაშავეების გამოვლენა და მათთვის ე.წ. "მაგნიტსკის სიის" მსგავსად მკაცრი სანქციების დაწესება. დღეს ვესაუბრე ეუთოში კოლეგებს და შევთანხმდით, რომ ეუთოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და განცხადება გაკეთდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს შიგნით, პოლიტიკურ ჯგუფებს მსგავს საკითხებზე ერთიანი პოზიცია გვქონდეს,"- ამბობს გიგი წერეთელი.

ე.წ მაგნიტსკის სიის შექმნის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ევროპული საქართველოს კიდევ ერთი დეპუტატი სერგი კაპანაძეც გამოვიდა

გუშინ ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ რამდენიმე დღეს არ გადასცემს ოჯახს. მათი თქმით, "სიღრმისეული ექსპერტიზა" რუსეთმა უნდა ჩაატაროს. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები