არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალი გადაკეტეს

რუსთავი 2

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ნატახტარში ცენტრალური გზა გადაკეტეს. მცხეთა-სტეფანმწმინდის მაგისტრალზე კი სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. 

აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან რადიკალურ ქმედებებს მოითხოვენ, რათა ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოს დროულად გადასცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. მოკლული მოქალაქის ოჯახის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

ისინი აღნიშნავენ, რომ გზის გადაკეტვას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აღნიშნულ გზაზე ხშირად გადაადგილდებიან რუსეთისკენ მიმავალი და რუსეთიდან მომავალი ავტომობილები რუსული სანომრე ნიშნებით. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანი იყო ხმა მიეწვდინათ ოკუპანტი რუსეთისთვის და გაეპროტესტებინათ ტატუნაშვილის მკვლელობა და მისი ცხედრის საქართველოსთვის არგადმოცემა. 

"დღე არ გავა, რომ რუსეთის მანქანამ არ გაიაროს, აი, აქ. თუკი ომის მდგომარეობაა, რას დადიან, ვერ გავიგე. ჩემი შვილი თავის სახლში შევიდა, იქ მომიკლეს შვილი. იმის უფლება არ ჰქონდა და ამათ აქვთ უფლება, რომ ასე ითარეშონ აქ,"- ამბობს ტატუნაშვილის მამა. 

ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელიც ადგილზე იმყოფება, ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ოკუპანტთან ულტიმატუმის ენით საუბარი არ გამოდის. 

"ერთნი ვართ ჩვენ, ტკივილშიც ერთნი ვართ და სამშობლოს სიყვარულშიც ერთნი ვართ... ულტიმატუმით ოკუპანტთან საუბარი რომ გამოდიოდეს, დიდი ხნის დაბრუნებული გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიები და არც ახალგაზრდა და არც ხანში შესული არ იქნებოდა გარდაცვლილი, მაგრამ ომში ვართ..." - თქვა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

დღეს ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ რამდენიმე დღეს არ გადასცემს ოჯახს. მათი თქმით, "სიღრმისეული ექსპერტიზა" რუსეთმა უნდა ჩაატაროს. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები