მწერალთა სახლი

22 დეკემბერს, მწერალთა სახლში რეზო ამაშუკელს ილია მართლის პრემიას გადასცემენ

დღეს, 22 დეკემბერს, 17:00-ზე, მწერალთა სახლში რეზო ამაშუკელს ილია მართლის პრემიას გადასცემენ. მის გარდა, პრემიებით კიდევ რვა ადამიანს დააჯილდოებენ. კერძოდ, ვახტანგ VI სამართლის პრემიას გადასცემენ მინდია უგრეხელიძეს. შექსპირის პრემიას მიიღებენ ახალგაზრდა ინგლისელი პოეტი და ციცინო ბოჭორიშვილი. ვაჟა ფშაველას პრემიას გადასცემენ ერეკლე საღლიანს, პლატონ ჩადუნელს (სიკვდილის შემდეგ) და თემურ ჩალაბაშვილს. ხოლო ილია ჭავჭავაძის პრემიას მიიღებენ ლეილა ბოჭორიშვილი და გუბაზ მეგრელიძე.

ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი გზა მომავლისკენ, რომლის პრეზიდენტიც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოქალაქე ციცინო ბოჭორიშვილია.

მწერალთა სახლი დაჯილდოების ცერემონიას ემიჯნება, თუმცა, მწერალთა სახლის დირექტორის ნატალია ლომოურის თქმით, იძულებულები არიან, ღონისძიებისთვის დარბაზი გამოყონ. მისი თქმით, მწერალთა სახლს სწორედ ციცინო ბოჭორიშვილის სონეტების პრეზენტაცია ჩაანიშნინეს.

"ირკვევა, რომ პრეზენტაციას მოჰყვება დაჯილდოების ცერემონია. რამდენად სწორია, რომ რაღაც გაუგებარმა კავშირებმა და ფონდებმა, ასე “გულუხვად” არიგონ ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას და შექსპირის პრემიები?! (თან, მგონი, გამოეპარათ, რომ ილია მართალი და ილია ჭავჭავაძე ერთი და იგივე პიროვნებაა. კულტურის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება ალბათ უნდა დაინტერესდეს როდესმე ამ საკითხით და რამე რეგულაციები შემოიღოს. მწერალთა სახლი ემიჯნება დაჯილდოების ამ “ბრწყინვალე” ცერემონიას, თუმცა იძულებული ვართ, დავუთმოთ დარბაზი" - წერს ლომოური Facebook-ში.

კომენტარები