გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროს შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების უკანასკნელ ეტაპზე პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა WikiLeaks-თან.
დონალდ ტრამპ უმცროსს მიმოწერა WikiLeaks-ის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშთან 20 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე ჰქონდა. მიმოწერის ასლი კონგრესის გამომძიებლებს გადაეცათ.
მიმოწერა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც WikiLeaks-მა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების ელექტრონული ფოსტიდან მოპარული ინფორმაცია გაავრცელა.
The Atlantic-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით WikiLeaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა ტრამპ უმცროსს სთხოვა WikiLeaks-ისათვის დონალდ ტრამპ უფროსის საგადასახადო ანგარიშების გამოსაქვეყნებლად მიეცა, რაც მისი თქმით დაამტკიცებდა, რომ ტრამპს კრემლთან კავშირი არ აქვს.
არჩევნების დღეს, 8 ნოემბერს შედეგების გმაოცხადებამდე WikiLeaks-მა ტრამპ უმცროსს ურჩია, რომ თუ დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხდებოდა, ის არ უნდა შეგუებოდა ამას და მედიასთან არჩევნების გაყალბებაზე უნდა ესაუბრა.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა WikiLeaks-მა დონალდ ტრამპ უმცროსს სთხოვა ჯულიან ასანჟს, რომელიც 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, ლეგალურ საკითხებში დახმარებოდა. "ძალიან მარტივი იქნება და ძალიან დაგვეხმარება, თუ მამაშენი ავსტრალიას ურჩევს ასანჟი ვაშინგტონში ელჩად დანიშნონ. ისინი ამას არ გააკეთებენ, თუმცა კარგი სიგნალი იქნება ავსტრალიის, ბრიტანეთისა და შვედეთისათვის რომ მიჰყვნენ კანონს და შეწყვიტონ კანონების გამრუდება იმისათვის, რომ კლინტნს თავი მოაწონონ." ნათქვამია შეტყობინებაში.
დონალდ ტრამპ ჯუნიორს ამ გზავნილებზე პასუხი არ გაუცია.
შეგახსენებთ, რომ შვედეთში ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება ორი ქალის გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარეობდა. აშშ ასანჟის ექსტრადიციას WikiLeaks-ის საქმეზე, სამხედრო და დიპლომატიური საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისათვის მოითხოვს.