არჩევნები 2017

ISFED: დაფიქსირდა კენჭისყრის, ასევე მარკირების პროცედურისა და წესების დარღვევა

"სამართლიანი არჩევნები" 11:00 საათის მდგომარებით დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

"ჩვენს დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. უბნის გახსნის პროცესი ძირითადად კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ჩატარდა თვითმმართველ ქალაქებშიც. არც ერთ ქალაქში არ გამოვლენილა ქვეყნის მასშტაბით გამოკვეთილი ტენდენციებისგან განსხვავებული სურათი", - აცხადებენ ISFED-ში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.3% მზად იყო. გარდა ამისა, საარჩევნო უბნების 99.7%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა.

უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 2.7%-ზე.

ამ დროისათვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 20 შენიშვნა.

დეტალური ინფორმაცია 11:00 საათისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ:

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა:

  • #79 ბათუმი საოლქო კომისიის #26 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ დაუშვეს საარჩევნო უბანზე, რის შედეგადაც ვერ დააკვირდა წილისყრის პროცედურას;
  • #2 ვაკის საოლქო კომისიის #36 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი არ კომისიამ არ დაარეგისტრირა;
  • #2 ვაკის საოლქო კომისიის #53 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უშვებდნენ.
  • #67 ზუგდიდის საოლქო კომიის #65 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს წაართვა მობილური ტელეფონი და მოგვიანებით დაუბრუნა;
  • #1 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლეოდა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება;

წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა:

  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე წილისყრის ჩატარების გარეშე გადაინაწილეს კომისიის წევრებმა ფუნქციები;
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #36 საარჩვნო უბანზე წილისყრის ფარულობა დარღვეული იყო;
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე წილისყრა ორჯერ ჩატარდა;
  • #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე
  • #79 ბათუმის ოლქის #61 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა.

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება:

  • #79 ბათუმის საოლქო კომისიის #86 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა არასწორად მოაწერეს საკონტროლო ფურცელს ხელი;
  • #59 ქუთაისის საოლქო კომისიის #64 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ საკონტროლო ფურცელზე მითითებული არ არის მისი შევსების დრო;
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე შეიტანეს იმ ამომრჩევლის მონაცემები, რომელიც არ იყო ამ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული;
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლზე არ მიუთითეს ყუთში ჩაგდების დრო, რის შემდეგაც გახსნეს ძირითადი საარჩევნო ყუთი, ამოიღეს საკონტროლო ფურცელი შეავსეს და ყუთში თავიდან მოათავსეს;
  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული;
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიეთითა ყუთში ჩაგდების დრო;
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე პირველი კონვერტი საარჩევნო ყუთში მოათავსა არაუფლებამოსილმა პირმა;
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს ყუთში, რომელიც შემდგომ ამოიღს ყუთიდან.

კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა:

  • #82 ქობულეთს საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას არ აწარმოებს;

მარკირების პროცედურის დარღვევა:

  • #79 ბათუმი საოლქო კომისიის #45 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;
  • #2 საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;

მარკირების წესის დარღვევა:

  • #7 ჩუღურეთის საოლქოს კომისიის #42 საარჩევნო უბანზე მარკირება უბანზე არარეგისტრირებულ ამომრჩეველს გაუკეთდა, რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

  • #1 მთაწმინის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა წინასწარ დაამოწმა ბიულეტენები ხელმოწერითა და ბეჭდით.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა დიდი რაოდენობით ბიულეტენები წინასწარ დაამოწმა ხელმოწერით და ბეჭდით;
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩველს გადასცა 4 ბიულეტენი;
  • #79 ბათუმის ოლქის #31 საარჩევნო უბანზე ამომრჩველი კონვერტში მოთავსებული ბიულეტენებით გამოვიდა კენჭისყრის კაბინიდან;

"სამართლიანი არჩევნები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდება (PVT), რაც, მათი თქმით, დარღვევების დროულად აღმოჩენისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის შეფასების საშუალებას იძლევა.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები