არჩევნები 2017

სტუდია მონიტორი: ბაღების დირექტორები კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ

ტაბულა

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საჯარო ბაღების დირექტორები "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ. ინფორმაცია მონიტორთან რამდენიმე ბაღის დირექტორმაც დაადასტურა. თითოეულ მათგანს 100-დან 200-მდე ადამიანისგან შემდგარი სიის შედგენა და ბაღების სააგენტოში მიტანა დაევალა. სტუდია "მონიტორის" წყაროს ცნობით, დირექტორებმა კალაძის მხარდამჭერთა სია ახლობლების და მეგობრების მეშვეობით შეადგინეს და სააგენტოში წარადგინეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავალება ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ თოდრაძემ გასცა. თავად თოდრაძე ინფორმაციას უარყოფს. 

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა, გიგი ჩიხლაძემ სტუდია მონიტორს უთხრა, დარღვეულია არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსი, რომლითაც აკრძალულია სამსახურეობრივად დაქვემდებარებული პირის აგიტაციაში ჩართვა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება, კონკრეტულად კი უფლებამოსულების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება, ვინაიდან ზემდგომი პირები მათ დაქვემდებარებულებს კონკრეტული პარტიის სასარგებლო აგიტაციას სთხოვენ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ლელა ტალიურის თქმით, მომხდარით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. 

"ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ასევე, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ შეიცავს ეს ყველაფერი იძულების ხასიათს პედაგოგებთან მიმართებაში", - ამბობს ტალიური. 

კომენტარები