არჩევნები 2017

უდუმაშვილი: ნაციონალური მოძრაობა გადადის საპროტესტო რეჟიმზე

ენმ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, პარტია საპროტესტო რეჟიმზე გადადის.

ამის შესახებ ზალიკო უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს საკითხი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა და ნებისმიერი არჩევანი, ეს ეხება ჩვენს საერთო სახლს, ჩვენს თბილისს და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ერთ ლარად იყიდოს ჩვენი დედაქალაქი. ნაციონალური მოძრაობა გადადის საპროტესტო რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვიყენებთ ყველა კანონით არსებულ მეთოდს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდეს. ჩვენ ნამდვილად ვერ დავიცდით 21 ოქტომბრამდე და ყოველდღიურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თბილისმა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და არ მოხდეს მისი გაჩუქება ბიძინა ივანიშვილზე. ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს.

პარტიამ დღეს აქცია თბილისის მერიასთან გამართა. მერიის შენობას პოლიციის კორდონი იცავდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა, წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევა სცადეს. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა. 

აქციის 6 მონაწილე დააკავეს.

კომენტარები