პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჩიხრაძე: არანორმალურია, როცა პრეზიდენტის განსხვავებულ აზრს ასე მძიმედ იღებენ

თეორემა/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ქართულ ოცნებას მოუწოდებს, საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, ნუ იქნებიან პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები.

"ამ ხნის განმავლობაში ბევრი შეურაცხყოფა, ბრალდება, ცილისწამება მოგვისმენია პრეზიდენტის მისამართით, მაგრამ მე არ მახსოვს არცერთ ჯერზე, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიეთითებინათ ერთმანეთისათვის, რომ ასეთი დამოკიდებულება აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დამოკიდებულებას", - თქვა ჩიხრაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველთვის უფრთხილდებოდა ინსტიტუციურ თანამშრომლობას.

"არასოდეს, პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, რაიმე კონფრონტაციული ნაბიჯის გადადგმას არც გეგმავდა და არც მომავალში არ გეგმავს. ყველა მისი ნაბიჯი კონსტიტუციურ ჩარჩოში ჯდება და მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს მმართველი გუნდისაგან. ეს ნორმალურია, როცა ამას იღებენ როგორც ძალიან მძიმედ, ეს უკვე არანორმალურია და ამაზე გვმართებს დაფიქრება ყველას ერთად", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ დღეს განცხადება გაავრცელა და ყველას მოუწოდა, "არ აყვნენ" საქართველოს პრეზიდენტს და არ უპასუხონ მის "შეურაცხმყოფელ განცხადებებს". ქართული ოცნების შეფასებით, "გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს".

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, კურიერთან ინტერვიუში თქვა, რომ უმრავლესობის მქონე პარტიისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის აზრით, მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა, პატრიოტიზმი თავმოყრილია მხოლოდ მათში.

"ხოლო ყველა დანარჩენი ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. აი, ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავძლიეთ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებითვე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ქართული ოცნების პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ, რომ კოალიციის შექმნა და მოლაპარაკება ცუდია.

"ეს ყოფილა თურმე ქვეყნის სისუსტე, მაგრამ ერთი პარტია თუ არის ძლიერი, მათი აზრით, ეს კარგია“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები