არჩევნები 2017

ბიბილაშვილი ელისაშვილს თაღლითობას აბრალებს - საქმის ყველა სხვა მონაწილე უარყოფს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი ალეკო ელისაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს. ბიბილაშვილი FB-ზე წერს, რომ ელისაშვილმა "საერთო საქმისთვის" ბანკიდან 7000 დოლარის ოდენობის სესხი გამოიტანა, რომელიც არ გაისტუმრა და სესხის დაფარვა მას და კიდევ ერთ პარტნიორ გიგა კობალაძეს მოუწიათ. ბიბილაშვილის თქმით, ელისაშვილი "წვრილმანი თაღლითია და მას არაერთხელ აქვს სხვისი ფული შეჭმული".

ზაზა ბიბილაშვილის კომენტარი

ზაზა ბიბილაშვილის კომენტარი

გიგა კობალაძემ ამავე FB-პოსტზე უარყო ბიბილაშვილის ბრალდება და ტაბულას უთხრა, რომ სესხი კაფესთვის გამოიტანეს, თუმცა, "კაფემ არ გაამართლა და დავხურეთ". კობალაძისვე თქმით, კაფეს დახურვის შემდეგ სესხთან ერთად მათ სხვა ვალდებულებებიც დარჩათ, რომლებიც სამივემ გაისტუმრეს.

გიგა კობალაძის კომენტარი

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბიბილაშვილი "უსინდისოდ იტყუება" და 11 წლის წინ მომხდარი ამბავი მის მერობის კანდიდატად დასახელებას უკავშირდება.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ფხიზელი არ იყო ზაზა, როცა ამ ბოდვას წერდა და ახლა ძალიანაც ნანობს, რომ ასეთი სიძულვილით გაჯერებული ტყუილი და უსინდისობა იკადრა. რა ვქნა, მე მაინც ადამიანების ადამიანობის უფრო მჯერა ხოლმე.

მე და გიგა მეგობრები ვართ კაფეს დახურვის მიუხედავად, აი, ზაზა კი გაბოროტებული და სიძულვილით სავსე ტიპია, რომელიც ამ ისტორიას 11 წელი ინახავდა და ჩემი კანდიდატურის დასახელების წინა დღეს უსინდისოდ დაწერა. დაწერა სრული ტყუილი, მოიყვანა "ცოცხალი მოწმეები" და ასე შემდეგ",- წერს ალეკო ელისაშვილი.

ტაბულა ცდილობდა ზაზა ბიბილაშვილთან დაკავშირებას, თუმცა, ის ზარებს არ პასუხობს.

დღეს, გუდიაშვილის მოედანზე ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდება.

კომენტარები