საოკუპაციო რეჟიმი

საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე პუნქტების დახურვას გმობს

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საოკუპაციო ხაზზე, აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტები დახურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს გმობს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება „უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას“.

უწყების განცხადებაში წერია, რომ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით - მოწყვლადი ჯგუფების: მოხუცების, ავადმყოფებისა და სკოლის მოსწავლეების ყოფას, რაც ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, „გააგრძელოს დესტრუქციული პოლიტიკა და ხელი შეუშალოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით“.

ოფიციალური თბილისი რუსეთს პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ, საერთაშორისო თანამეგობრობას კი რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები