საოკუპაციო რეჟიმი

რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი 2 აპრილს 37 წლის გახდებოდა

ამერიკის ხმა

რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს, 2 აპრილს 37 წლის გახდებოდა. 

ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს. 

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც ტატუნაშვილია დაკრძალული. 

"დღეს გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და მისი გმირობის ამბავი, მისი სიცოცხლე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს გააჩნია მან დათმო სამშობლობისთვის და ღირსებისთვის ბრძოლაში," - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა. 

ქართველი მკვლელობის საქმეს, სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.

ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, ევროპული საქართველოს ინიციატივით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნა. დოკუმენტში შეყვანილია 33 პირი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან.

მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ევალებათ, ეროვნულ ბანკს კი ეთხოვება, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

სიაში შესულ ადამიანებს შეზღუდვები თავდაპირველად ლიტვამ დაუწესა, მოგვიანებით კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შავ სიაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესული ადამიანები შეიყვანონ, ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები